ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი - ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას, დეოლიგარქიზაციის კანონის ნაცვლად, გადაწყდა სტრატეგიების მიღება და სწორედ ამ სისტემურ მიდგომას ვითხოვთ
ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი - ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას, დეოლიგარქიზაციის კანონის ნაცვლად, გადაწყდა სტრატეგიების მიღება და სწორედ ამ სისტემურ მიდგომას ვითხოვთ

ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას, ჩვენი მიმართულებაა, რომ ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს იმას, რაც სხვანაირად წავიდოდა, დემოკრატიული რომ ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს კარგი შესაძლებლობაა, რადგან შეიძლება, ჩვენ არ გაგვიკეთებია ამაზე კომენტარი და კარგი შესაძლებლობაა, რომ ახლა გავაკეთოთ კომენტარი. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვუწოდებთ ამას დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობასა და კანონს. სწორად უნდა გავიგოთ, ჩვენ რა გვაინტერესებს. ეს არის, როდესაც ქვეყანაში ფული ერევა რაღაც პროცესებში და, დემოკრატიული პროცესების მაგივრად, ფული რაღაც საკითხებს სხვანაირად წყვეტს. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, დასამარცხებელი. უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში იქნა წამოწეული დეოლიგარქიზაციის ასეთი კანონები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას. ჩვენი მიმართულება არის, რომ ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს იმას, რაც სხვანაირად წავიდოდა, დემოკრატიული რომ ყოფილიყო“, – განაცხადა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს დეოლიგარქიზაციის კანონზე, ხოლო უკრაინაში ეს კანონი არ აღსრულდა.

„საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს ამ კანონის გატანაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი მოსაზრებით, ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, პლურალიზმს და ა.შ. საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს, ხოლო უკრაინაში არ აღსრულდა ეს კანონი. ამის ნაცვლად, გადაწყდა, რომ მიღებული იყოს სტრატეგიები და ჩვენ სწორედაც რომ ვითხოვთ ამ სისტემურ მიდგომას. ჩვენ ვერ შევიმუშავებთ ჩვენს დასკვნას სტრატეგიაზე, რადგან ვენეციის კომისიას შეუძლია, შეაფასოს მხოლოდ კანონმდებლობა. ანუ მთავრობის მიერ მიღებული სტრატეგია, თუ როგორ აპირებს რაღაც საკითხის მოგვარებას, არ ნიშნავს, რომ ან ცუდი განწყობის ვართ, ან კარგი განწყობის ვართ. უბრალოდ, ჩვენ არ ვაფასებთ სტრატეგიას“, – დასძინა სიმონა გრანატა-მენგინიმ.