კელი დეგნანი - 19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე
კელი დეგნანი - 19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ და საერთაშორისო მეგობრები მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში.

დეგნანის თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად, საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

„ბოლო 25 წელია, საქართველოსთან ძალიან კარგად ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენ კმაყოფილი ვიყავით, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე 19 აპრილის შეთანხმებით.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ, რაზეც მოილაპარაკეს, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო რეფორმის გაგრძელება შეესაბამებოდეს იმ ვალდებულებებს, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია.

მქონდა შესაძლებლობა, დღეს დილით ეს საკითხი განმეხილა პარლამენტის თავმჯდომარესთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. ვფიქრობ, 19 აპრილის შეთანხმებაში არის ძალიან კარგი საგზაო რუკა, რაც მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნების დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე. შეთანხმება იყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის ლიდერების მიერ ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე დაპირება, ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესით, რომელიც ამ დრომდე არ მომხდარა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსიების შემდეგ უნდა მოხდეს.

„სწორედ ამაზეა 19 აპრილის შეთანხმება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა კანდიდატები და ახლა პარლამენტის ხელშია, მისი უფლებამოსილებაა, რომ დააპაუზოს ეს პროცესი, ვიდრე არ ჩაატარებს ინკლუზიურ კონსულტაციებს, რაც მათ ძალიან წარმატებით გააკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ამას არ დასჭირდება კვირები, თვეები და წლები, ეს არის რისი გაკეთებაც შესაძლებელია საქართველოს სასამართლო სისტემის სასარგებლოდ. ხაზგასმული ამოცანა, რაც კიდევ ერთხელაა დადასტურებული სენატორ შაჰინისა და სენატორ ჯონსონის განცხადებაში, არის საქართველოს დახმარება ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მშენებლობაში, რომელიც შესაფერისია ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისთვის. სწორედ ამას ვუჭერთ მხარს 25 წელზე მეტია და აშშ მზადაა, გააგრძელოს ეს მხარდაჭერა“, – განაცხადა კელი დეგნამა.