ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო კონფერენცია - „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში“ გახსნა
ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო კონფერენცია - „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში“ გახსნა

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში: გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ“ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ევროპის საბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზებული კონფერენციის დამსწრეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი იესპერ მოლერი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი.

ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულებისა და ალტერნატიული მექანიზმების კუთხით მომუშავე პრაქტიკოსები და პროფესიონალები ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს – გაერო-ს ბავშვთა ფონდს, ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ღონისძიების მხარდაჭერისთვისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

„საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს, სამართალწარმოებაში უფრო ფართოდ დაინერგოს აღდგენითი მართლმსაჯულების კომპონენტი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით გავატაროთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებასთან ერთად გაჩნდეს დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის ნებაყოფლობითი დიალოგის შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი კონფერენციის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს – გაერო-ს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირს და ევროპის საბჭოს. მათი დახმარებით საქართველოში არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა და საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობას პროკურატურის შემდგომი რეფორმირების პროცესში“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კონფერენციის პირველ დღეს ჩატარებულ სესიაში, თემაზე – „არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები და აღდგენითი მართლმსაჯულება”, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლონდა ბიჭიკაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ია ჩხეიძე მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ 2022 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო გადასცა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორს, თინათინ ჭურღულიას, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორს, თამუნა მურჯიკნელს და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორს, ემელიანე ბერაიას.

საერთაშორისო კონფერენცია – „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში” მიზნად ისახავს აღდგენითი მართლმსაჯულების და სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და განხილვის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელების პერსპექტივებით.

კონფერენციამ უზრუნველყო სივრცე აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესებში დაზარალებულთა მხარდაჭერასა და ტრავმაზე ორიენტირებული მიდგომების, ასევე სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის შესახებ ვენეციის დეკლარაციის განხორციელების პრაქტიკული ასპექტების განსახილველად.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელოვან როლს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში, განსაკუთრებით ძალადობრივი დანაშაულების საქმეებში. კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მნიშვნელობას აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების განვითარებისა და ფართოდ დანერგვის ხელშეწყობაში.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.