კაზინოს იურისტი - სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს
როგორ მოახერხა ბათუმში კაზინო „პრინცესაში“ თურქეთის მოქალაქემ ცივი იარაღის შეტანა, ამას გამოძიება დაადგენს, ვიდეოჩანაწერები ამოღებულია, – ამის შესახებ კაზინოს იურისტმა კახაბერ წერეთელმა განაცხადა.
მისი ვარაუდით, მკვლელობა პირად მოტივს უკავშირდება.
„დეტალებს ვერ მოგახსენებთ. გუშინ ღამის საათებში მოხდა შემთხვევა. უზბეკეთის მოქალაქეს ცივი იარაღით მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სასტუმროს დაცვის წევრებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიც არის ცივი იარაღის სასტუმროში შეტანა, ამას გამოძიება დაადგენს. სამორინეს ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ყველა ინფორმაცია, კამერების ჩანაწერები გამოძიებას გადაეცა. მომხდარი სავარაუდოდ პირად მოტივს უკავშირდება”, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
ბათუმში, კაზინო „პრინცესაში“ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული და დაჭრილი ორივე უზბეკეთის მოქალაქეა.