ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს. თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია დღეს 23:30 საათზე დაიწყება.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მორწმუნეებს სააღდგომო მილოცვით მიმართა:
„საყვარელო დანო და ძმანო, სახარებაში (იოანე 20:1-18), რომელსაც ვკითხულობთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ყველა ჩქარობს, ყველა ეშურება, ყველა მირბის. ცარიელი სამარხი ჰგავს ნამშობიარებ წიაღს, თესლის ცარიელ ნაჭუჭს, მიმზიდველ ღია ზარდახშას. იმ განთიადისას ყველა მირბის: მარიამ მაგდალელი, პეტრე, ახალგაზრდა იოანე. დიახ, მირბიან, რადგან სიყვარულს ყოველთვის ეჩქარება, ის მუდმივი ძიებაა, შეხვედრისა და ღრმა ურთიერთობის სურვილი: „ასულნო იერუსალიმისანო, მითხარით: ჩემი სულის შეყვარებული ხომ არ გინახავთ?“ (ქებათა ქება 3,1-5)…
გიყვარდეს, ნიშნავს, არასოდეს შეურიგდე სიკვდილის სიცხადეს. გიყვარდეს, ნიშნავს, თქვა: „შენ არ მოკვდები!“. ამ ჰორიზონტში გვესმის მარიამ მაგდალელის ტკივილით სავსე სიტყვები: „სად წაიღეთ ის? წავალ და ავიღებ! მითხარით, გევედრებით!“ „ქალო, რად სტირი?“ – ეუბნება მას იესო. ზეცათა ღმრთის ანარეკლი იკვეთება ცრემლის ფსკერზე. „მარიამ“. მარიამს ესმის, როგორ მიმართავს მას სახელით იესო. თავის სახელში მარიამი აღმოაჩენს ახალ სახელს, – იმ ახალ სახელს, რომელიც თეთრ ქვაზე წერია გამოცხადების წიგნში: „მძლეველს მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა“ (გამოცხადება 2,17). სწორედ ამ სახელმა შეაკრთო იგი, – სახელმა, წარმოთქმულმა სიყვარულით.
რწმენა ნიშნავს, დაანებო იესოს შენი სიყვარული და შენი მოხმობა. ეს კი ნიშნავს, განიძარცვო შენი „სახელის“, შენი ყველაზე ღრმა ვინაობის გულისათვის, და ამ პასიურ და აქტიურ სიშიშვლეში დაანებო, რომ ნეფის სიყვარულმა ხელახლა შეგქმნას, ჩემთან შერწყმით რომ მაძლევს ქრისტემოსილის ახალ სახელს.
ქრისტემოსილი არის ჩემი ახალი სახელი, რომელიც ნამდვილადაა დაწერილი ზეცაში (შდრ. ლუკა 10,20). „ნუ შემეხები“: იგი ხედავს „შეხების გარეშე“ – ესაა ნამდვილი რეალობა ჩვენი რწმენისა: „ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს“. ამის გამო, Noli me tangere – „ნუ შემომეხები მე“ – წარმოადგენს ყველაზე ნატიფ და მორიდებულ სცენას, ფაქიზ შეხვედრას ხილულსა და უხილავს შორის, როცა ორივე ერთიმეორეს მოუხმობს და განაგდებს, როცა თითოეული ცდილობს, შეეხოს მეორეს და დაიშოროს.
რუპნიკის მოზაიკაზე ეს სცენა ძალზე ლამაზადაა ასახული: ყველაფერი ფოკუსს მიღმაა, დაბინდულია, რათა ხაზი გაესვას იმ ხელს, რომელიც იქცევა იესოსთან ურთიერთობის ნიშნად. ყველაფერი დანარჩენი თითქოს მოძრაობს და კარგავს ფორმებს, რათა მკაფიო და ლამაზ ხელს დაუთმოს ადგილი, – ხელს, რომელიც მიუთითებს და ეხება. ესაა უხილავისა და ხილულის შეხვედრის წერტილი. წავიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს: „ვიხილე უფალი“ აჰა: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“