კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას“, – აცხადებს დაკავებულის საზოგადოებრივი დამცველი ქეთევან გაგლოევა.
დაკავებულს ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს.
შსს-მ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული 15 იანვარს კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.