კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი შენდება. იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. სააღმზრდელო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მისი თქმით, მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები მოემსახურებათ.

სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი და ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე სააღმზრდელო დაწესებულება არ იყო და ბავშვებს სამთავისის საბავშვო ბაღით უწევდათ სარგებლობა.

სოფელ გრაკალის სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე შენდება, შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებითა და სახანძრო სიგნალიზაციით. გამწვანდება საბავშო ბაღის ეზო და მოეწყობა სათამაშო მოედანი.

„ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. რაც შეეხება სადგურ-მეტეხის საბავშვო ბაღს, იგი გათვლილია 50 აღსაზრდელზე და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა, სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დასახლებაში, რომელშიც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. სამივე საბავშო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. სამივე შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება“, – აცხადებენ გუბერნიაში.