ქალებს შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თეთრი ჯგუფის მესამე ტურის პირველ მატჩში ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ საათსა და 22 წუთში იოლად მოუგო თანამემამულე პეტრა კვიტოვას – 6:3, 6:4 და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პლიშკოვამ ჯგუფური ეტაპი ორი მოგებითა და ერთი წაგებით დაასრულა, კვიტოვამ სამიდან სამი წააგო.
პირველ სეტში პლიშკოვამ თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა, 4:0 დაწინაურდა და იოლად მიიყვანა პარტია მოგებამდე. მეორე სეტში უფრო რთულად იყო საქმე – კვიტოვა იგებდა 3:0-ს, 4:2-ს, მაგრამ მატჩის ბოლო ოთხი გეიმი პლიშკოვას დარჩა.
ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტების თითქმის თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ (ცხრა რვის წინააღმდეგ), მაგრამ პლიშკოვამ ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, კვიტოვამ – სამჯერ.
მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა უკრაინელი ელინა სვიტოლინასა და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის მატჩში გაირკვევა. ამ თამაშში მოგებული საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას ინაღდებს.