ავსტრალიის ღია 2022 - ქალთა ტურნირს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა, ბარტი და აზარენკა ძალიან დამაჯერებლად იგებენ #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეხუთე სათამაშო დღეს დაიწყო მესამე წრე და ქალთა ტურნირზე გაირკვა პირველი რვა მერვედფინალისტი.
შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა დაასრულა იაპონელმა ნაომი ოსაკამ. მან პირველი სეტი მოუგო ამერიკელ ამანდა ანისიმოვას, მაგრამ სამ სეტში დამარცხდა – 6:4, 3:6, 6:7(5:10).
პირველ სეტში ოსაკამ ერთადერთი ბრეიკით მოიგო. ასევე ერთადერთი ბრეიკით აიღო მეორე სეტი ანისიმოვამ. მესამე სეტში ჩოგბურთელებმა შეინარჩუნეს საკუთარი გეიები. უფრო ახლოს მოგებასთან ოსაკა იყო, რომელმაც მეათე გეიმში ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ანისიმოვამ არც ერთი საკუთარი მოწოდება არ წააგო, ორი მინი-ბრეიკი შეასრულა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ოსაკას მეტოქეზე ორით მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა – 10 რვის წინააღმდეგ, თუმცა ბრეიკების რაოდენობა იყო თანაბარი – 1:1. იაპონელმა ძალიან ბევრი შეცდომა (45) დაუშვა, „ვინერსი“ კი მხოლოდ 21 ჰქონდა.
ანისიმოვა მერვედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს ეშლი ბარტის შეხვდება, რომელიც ქალთა ბადეში ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება. ამჯერად, ავსტრალიელმა 6:2, 6:3 გაანადგურა იტალიელი კამილა ჯორჯი. ბარტიმ ავსტრალიის ღიაზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში მხოლოდ რვა გეიმი წააგო, სამ მეტოქეს ჯამში ექვსი ბრეიკპოინტის შანსი მისცა და არც ერთი საკუთარი გეიმი არ დაუთმია.
ბარტიზე ერთით მეტი გეიმი დათმო პირველ სამ მატჩში ბელარუსმა ვიქტორიამ აზარენკამ. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:0, 6:2 გაანადგურა. შეხვედრა მხოლოდ საათი და რვა წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც აზარენკამ შვიდიდან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიყენა და მეტოქეს ოთხიდან არც ერთი ბრეიკპოინტის რეალიზების შანსი არ მისცა. ბელარუსმა შეხვედრაში მხოლოდ ცხრა შეცდომა დაუშვა.
მეხუთე სათამაშო დღის შემდეგ, ოთხი მერვედფინალური წყვილია ცნობილი:
ბარტი (1)-ანისიმოვა
საკარი (5)-პეგულა (21)
კრეიჩიკოვა (4)-აზარენკა (24)
ბადოსა (8)-კისი