კაროლინა პლიშკოვა შემაჯამებელი ტურნირის პირველი ნახევარფინალისტია
კაროლინა პლიშკოვა შემაჯამებელი ტურნირის პირველი ნახევარფინალისტია

ქალებს შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თეთრი ჯგუფის მესამე ტურის პირველ მატჩში ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ საათსა და 22 წუთში იოლად მოუგო თანამემამულე პეტრა კვიტოვას – 6:3, 6:4 და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. პლიშკოვამ ჯგუფური ეტაპი ორი მოგებითა და ერთი წაგებით დაასრულა, კვიტოვამ სამიდან სამი წააგო.

პირველ სეტში პლიშკოვამ თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა, 4:0 დაწინაურდა და იოლად მიიყვანა პარტია მოგებამდე. მეორე სეტში უფრო რთულად იყო საქმე – კვიტოვა იგებდა 3:0-ს, 4:2-ს, მაგრამ მატჩის ბოლო ოთხი გეიმი პლიშკოვას დარჩა.

ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტების თითქმის თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ (ცხრა რვის წინააღმდეგ), მაგრამ პლიშკოვამ ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, კვიტოვამ – სამჯერ.

მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა უკრაინელი ელინა სვიტოლინასა და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის მატჩში გაირკვევა. ამ თამაშში მოგებული საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას ინაღდებს.