ქალთა უიმბლდონი ეშლი ბარტიმ მოიგო #1TVSPORT
ქალთა უიმბლდონი ეშლი ბარტიმ მოიგო #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი კარიერაში პირველად გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. ავსტრალიელმა საათსა და 55 წუთში 6:3, 6:7(4) 6:3 დაამარცხა ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, რომელიც ტურნირზე მერვე ნომრად იყო განთესილი. ბარტისთვის ეს მეორე გამარჯვება „დიდი სლემის“ ტურნირებზე. მანამდე მან როლან გაროსის მოგება შეძლო.

ბარტიმ შეხვედრა ზედიზედ 14 ქულის აღებით დაიწყო და 4:0 დაწინაურდა. ავსტრალიელს შეეძლო შეხვედრის ორ სეტში მოგება – მეორე პარტიაში ჯერ 3:1-ს იგებდა, შემდეგ კი 6:5-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ პლიშკოვამ შეძლო ტაი-ბრეიკამდე მისვლა, სადაც ოთხმაგი სეტბოლი მოიპოვა და მესამე ცდაზე მოიგო სეტი.

თუმცა, მესამე სეტში ჩეხმა ვერაფერი მოუხერხა ბარტის მოწოდებას – მხოლოდ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ის ვერ გამოიყენა. ასე რომ, ბარტისთვის საკმარისი აღმოჩნდა მეორე გეიმში მოპოვებული ბრეიკი.

ეს იყო 2012 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა უიმბლდონის ქალთა ფინალში გამარჯვებულის გამოსავლენად სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო.

ბარტი პირველი ავსტრალიელი ქალი გახდა 1980 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე გაიმარჯვა. 41 წლის წინ, ეს შეძლო ივონ გულაგონგმა. გარდა ამისა, ეშლი პირველია 2016 წლის შემდეგ, რომელმაც ტურნირის მოგება პირველი განთესილის რანგში შეძლო. და კიდევ, ბარტი მეოთხე ჩოგბურთელი გახდა, ვისაც იუნიორთა უიმბლდონიც აქვს მოგებული და ძირითადი ტურნირიც. მანამდე ეს შეძლეს ენ ჯონსმა, მარტინა ჰინგისმა და ამელი მორესმომ.