კარლოს მოედასი - „ბრექსიტით“ ყველა დაზარალდება, ამ პროცესს დადებითი მხარე არ აქვს
ევროკომისარი მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციური პროექტების საკითხებში, კარლოს მოედასი მიიჩნევს, რომ ბრექსიტის პროცესი წამგებიანი იქნება ყველა სფეროსთვის, მათ შორის მეცნიერებისთვის.
მისი თქმით, ევროკავშირის დატოვება გაერთიანებულ სამეფოს იმხელა ზარალს მოუტანს, რომ ეს სამეცნიერო პროექტების განხორციელებასაც კი შეაფერხებს.
„ბრექსიტი“ ემოციებით განპირობებული პროცესია. რეფერენდუმის დროს, რეალურად, ემოციებმა დასძლია საღ აზრს. ასე დაიწყო „ბრექსიტის“ პროცესი, – ემოციებით მართული პროცესი.“ – განაცხადა მოედასმა.
კარლოს მოედასმა ასევე აღნიშნა, რომ 2021-2027 წლებში მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციური პროექტებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტი იქნება დამტკიცებული.
ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულია პროექტების განხორციელება ჯანდაცვის სფეროში, კვებით ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით.
დღევანდელი ბიუჯეტი მხოლოდ 77 მილიარდ ევროს შეადგენს.