კარლო კოპალიანი - ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციაზე საუბარი არ არის
ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციაზე საუბარი არ არის, როგორ შეიძლება, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი პასუხისმგებლობისგან საერთოდ გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, დეკრიმინალიზაცია მხოლოდ მარიხუანას უნდა შეეხოს, დანარჩენი სახეობის ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებისას კი პირველ-მეორე შემთხვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს, მაგრამ ასეთი კატეგორიის ადამიანებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„თუ ნარკომომხმარებელს საშველი არ დაადგება, შემდეგ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ლეგალიზებაზე საუბარიც არ არის. როგორ შეიძლება, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი პასუხისმგებლობისგან საერთოდ გათავისუფლდეს. თუ გვინდა, რომ ნარკომომხმარებელს ვუშველოთ და საზოგადოებას დავუბრუნოთ, მას შანსი უნდა მივცეთ. კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ამ საკითხზე პირველად ვხვდებით”, – განაცხადა კოპალიანმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებენ.
სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.