საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გურიაში ვიზიტს განაგრძობს. მან ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური საწარმო „რადო“ დაათვალიერა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულის მიერაა დაარსებული. აღნიშნული საწარმო ბაზარზე მოთხოვნად ცემენტისა და ბეტონის ფილებს ამზადებს.
„ვიზიტი სოციალურ საწარმო „რედოში“, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ეს არის გაგრძელება იმ რეფორმისა, რომელიც მოხდა პენიტენციალურ სისტემაში და რომლის ნაწილიც ჩვენ, ევროკავშირი ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია მენტალობის შეცვლა, რადგან ხალხის ცნობიერებაში ამ პრობაციონერებთან ისევე, როგორც ყოფილ პატიმრებთან დამოკიდებულება, არის სპეციფიკური, არსებობს სტიგმა. მათ უნდა მიეცეთ მეორე შანსი და ჰქონდეთ საზოგადოებაში რეინტეგრაციის საშუალება. ეს სოციალური საწარმო ამის ძალიან კარგი მაგალითია. ევროკავშირი დაეხმარა ამ საწარმოს ფინანსებით, ტრენინგით, მაგრამ თვითონ ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან კარგად მართავენ მას. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მთლიანად საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.