კარლ ჰარცელი - უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევა არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი
ძალიან მოხარულები ვართ, რომ უკრაინელმა ხალხმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ორმა პრეზიდენტმა, ტუსკმა და იუნკერმა გაუგზავნეს მილოცვები უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს და იქაც, მილოცვაშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა გააგრძელოს, ხელი შეუწყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გააღრმავოს ჩვენი ალიანსი. ასე რომ, გზავნილი ძალიან მკაფიოა და ძალიან პოზიტიური. ანუ, ჩვენთვის ეს არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამ განცხადებით კარლ ჰარცელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნება თუ არა ევროკავშირი კმაყოფილი უკრაინის ახალი პრეზიდენტით.