კარლ ჰარცელი - საქართველოს ხელისუფლებისგან მოვისმინეთ მკაფიო პასუხი უკრაინის დაზვერვის ბრალდებებზე, მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ვითარება
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
ჰარცელმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
„რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან, ეს არის სერიოზული თავისი ბუნებით და სერიოზულად უნდა მივუდგეთ კიდეც. ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით. რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.