კარლ ჰარცელი - მესმის, რომ მედიას რთული ამოცანა აკისრია, მაგრამ ამ ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ორი პოლარიზებული აზრისგან ერთგვარი ხიდი მოინახოს
არ მინდა ვთქვა, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ, ან რამეს ზევიდან ვუყურებ, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მე ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ბოლო არჩევნებზე საკითხები ძალიან ჩქარა განვითარდა და საკმაოდ ძნელი იყო ყველა ნიუსის, სიახლის გადამოწმება. არ მინდა ვთქვა, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ, ან რამეს ზევიდან ვუყურებ. მესმის, რომ მედიას ძალიან მძიმე და რთული ამოცანა აკისრია, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ქვეყანაში არის იმის შესაძლებლობა, ორი ძალიან პოლარიზებული აზრისგან ერთგვარი ხიდი მოინახოს. ამ ორ მოსაზრებას ძალიან უჭირს შუა გზაში შეხვედრა. რომ შეხედოთ, მაგალითად, არჩევნებს, თქვენ აბსოლუტურად, დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებს ისმენთ, თუ რა მოხდა და მე ვთვლი, რომ არის შესაძლებლობა, საგამოძიებო ჟურნალისტიკამ უკეთესი გზები მონახოს“, – განაცხადა ჰარცელმა.
ამ განცხადებით კარლ ჰარცელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა მედიის მიმართ მისი პრეტენზია ცოტა ზედმეტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მედიასაშუალებებმა ვერ მოახერხეს არგუმენტების გადამოწმება და ა.შ, რადგან ხშირად, გადასამოწმებელიც არაფერი იყო; ის, რასაც ეთერში ვუსმენდით, უბრალოდ, კანდიდატებს შორის კინკლაობა იყო და არის თუ არა აჭარის ტელევიზიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება წინააღმდეგობრივი, რადგან მისივე განცხადებით, პოლიტიკოსები, მთავარი მოთამაშეები ხშირად არ საუბრობდნენ არგუმენტებზე და ლაპარაკობდნენ პიროვნულ თუ წარსულში ჩადენილ ან არჩადენილ საქმიანობაზე.
გადაცემის წამყვანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს აჭარის ტელევიზიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც მან აღნიშნა, რომ „მედია ძირითადად ვერ ასრულებდა მეგაფონის როლს. აჭარის ტელევიზია ცდილობდა, პროცესი დაბალანსებულად გაეშუქებინა და საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, ამას ახერხებდა კიდეც“.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მივდივართ თუ არა ქათმისა და კვერცხის პირველადობის საკითხთან, როცა საუბარია იმაზე, პოლიტიკური ველი უფრო ადრე უნდა გაკეთილშობილდეს, თუ მედიაველი, რადგან ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დისკუსია ორივე დონეზე უნდა განვითარდეს.
„ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც კი საარჩევნო კამპანიაში შედიხართ, როგორც პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, თქვენ გამოიყენებთ იმ კამპანიის სტრატეგიას, რომელიც ყველაზე სასარგებლოა. საბოლოო ჯამში, თუ პოლიტიკოსები გააკეთებენ დასკვნას, რომ უფრო კარგად მოქმედებს პოლარიზებული მოქმედება – უფრო ოპონენტზე საუბარი, ვიდრე თქვენს დღის წესრიგზე საუბარი, ამ შემთხვევაში მედიის როლი უნდა იყოს ის, რომ არ მისცეს საშუალება, პროცესი ასეთი მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.