კარლ ჰარცელი - „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ კრიზისთან მიმართებაში მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა
კარლ ჰარცელი - „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ კრიზისთან მიმართებაში მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა

მინდა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მივულოცო წარმატებული ძალისხმევის განხორციელება „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ კრიზისთან მიმართებაში, დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს – ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

კარლ ჰარცელმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ქმედით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების, აგრეთვე, გენდერული თანასწორობის ნაწილში. ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

„მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს, პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც  კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ასევე, მივესალმებით ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე.

„ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში უწყვეტი დახმარება უზრუნველვყოთ 2020 წლის შემდეგაც. ამ კონტექსტში, მინდა სამდივნოს დღემდე განხორციელებული სამუშაო შევაქო, სტრატეგიის და ახალი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის კონტექსტში. ეს არის ინკლუზიური პლატფორმა, რომელიც იმედია, უზრუნველყოფს ჯეროვნად მომართული მიზნებისა და ორიენტირების შესრულებას. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავებისთვის მომდევნო წლებში“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება.