კარლ ჰარცელი - არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის
კარლ ჰარცელი - არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის

დღეს არის არჩევნების დღე, მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა, ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰარცელმა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება. დავიწყეთ მეორე ტურის მიმოხილვა და დაკვირვება.  დღეს არის არჩევნების დღე და ამიტომ, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, მეც და ჩემნაირებმა, არამედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა. არჩევნების დროს, თუ რა ხდება და რა არჩევანი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, წყვეტენ ისინი, ვინც მოვლენ საარჩევნო უბანზე და ვინც ხმას მისცემს თავიანთ კანდიდატს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა და ამით მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა, მით უკეთესია. მე ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში. ისევე როგორც თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ასევე იმუშაოთ მშვიდ გარემოში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს საარჩევნო სისტემაში იმისთვის, რომ ასე დილაადრიანად დაიწყეს სამუშაო პროცესი და გვიან ღამემდე გააგრძელებენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა ასევე საქართველოში საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში ევროკავშირის დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი გაუმჯობესდეს და დიდ დახმარებას უწევს ამაში საქართველოს, რათა საარჩევნო პროცესი იყოს სანდო. ჩვენ საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ და დაველოდებით ოდირის შეფასებას“, – განაცხადა ჰარცელმა.

ელჩმა აქვე წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის პოლარიზაცია.

„ამასთანავე, მინდა გამოვხატო ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის ასეთი პოლარიზაცია და ეს პოლარიზაცია იზრდებოდა. ასევე, ამას თან სდევდა ძალიან მწვავე რიტორიკა. ეს კი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ როგორც არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და ისე არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის, იმისდა მოუხედავად, თუ რა შედეგი ექნება არჩევნებს, რადგან ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს აკვირდება ოდირის სრულფასოვანი მისია და მათთან ერთად მუშაობს ასევე ევროპარლამენტარების მისია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ოდირის სრულფასოვანი მისია არის ადგილზე და მათთან ერთად მუშაობს ასევე ევროპარლამენტარების მისია, რომლებიც ახლა სხვადასხვა შეხვედრას ატარებენ. მათი წარმომადგენლები არიან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. დაველოდებით მათ შეფასებებს იმისთვის, რომ შემდეგ, დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად განვიხილოთ, თუ რა ხდება, როგორია საარჩევნო შედეგები“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.