კარენ დონფრიდი - დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილის შეთანხმების სრული შესრულებისთვის, მოვუწოდებ ყველა პარტიას, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას
დამტკიცების შემთხვევაში, გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი შესრულებისთვის, მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატმა კარენ დონფრიდმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ არსებითი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის გასამტკიცებლად, თუმცა მას ბევრად მეტი მანძილი აქვს გასავლელი.
„ვფიქრობ, ფართო ორპარტიული ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში. დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი შესრულებისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ არსებითი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განსამტკიცებლად, თუმცა მას ბევრად მეტი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს მანძილი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ დავადასტურებ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გავაგრძელებ მხარდაჭერას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციისადმი, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერესთან. მოუთმენლად ველოდები თქვენთან (სენატთან) მუშაობას ამ საკითხებზე“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.
სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე კარენ დონფრიდის მოსმენის დროს ისაუბრა საქართველოში გასულ კვირებში ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. მან იმედი გამოთქვა, რომ კარენ დონფრიდი იმუშავებს ამ საკითხის საქართველოს მთავრობასთან დასაყენებლად.