კარდინალი პიეტრო პაროლინი - მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ვატიკანის ბაღებში განთავსდეს ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, იქნება ეს რელიგიური თუ პოლიტიკური
ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ ვატიკანის ბაღებში განთავსდეს ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა, – ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა.
„ის, რაც გვაერთიანებს, არის ღვთისმშობლის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული თაყვანისცემა. ეს ჟესტი აახლოებს ჩვენს ეკლესიებს და ხელს უწყობს მათ ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს მოზაიკა, როგორც საჩუქარი, ძღვენი, გადაეცა მის უწმინდესობას, რომის პაპს. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებასაც, იქნება ეს რელიგიური თუ პოლიტიკური კუთხით“, – განაცხადა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა.
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ცერემონია ხვალ გაიმართება.