კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი - ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ვატიკანში განთავსება მნიშვნელოვანია არამარტო კულტურული თვალსაზრისით, ეს ძალიან წაადგება მსოფლიოს მომავალს
დროა, ქრისტიანები შეხვდნენ მსოფლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო გაუჩინარდება დაცემის შემდეგ, – ამის შესახებ წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, საქართველოში ვატიკანის ყოფილმა ელჩმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ განაცხადა.
მისი თქმით, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ვატიკანში განთავსება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანა ისეთი მდიდარია ქრისტიანული ხელოვნებით, ისეთი ღრმაა ქრისტიანული ფესვები, ისეთი შთაგონებულია მისი რწმენით და ვატიკანი ის ადგილია, სადაც წმინდა ნაწილებია დამარხული. ეს გადაკვეთა ბუნებრივია, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, დროა, ქრისტიანები შეხვდნენ მსოფლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო გაუჩინარდება დაცემის შემდეგ. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და არამარტო კულტურული თვალსაზრისით. ეს ძალიან წაადგება მთლიანად მსოფლიოს მომავალს“, – განაცხადა კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ.
ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება. მანამდე კი პანოს განთავსების აღსანიშნად აღორძინების ეპოქის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოს კულტურულ ნაწილს „სუხიშვილები“ და ანსაბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.