ანრი ოხანაშვილი - ვფიქრობთ, ახალი საკანონმდებლო მექანიზმის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება
ანრი ოხანაშვილი - ვფიქრობთ, ახალი საკანონმდებლო მექანიზმის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 3000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირებს კი 15 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრებათ.

აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, განმეორებითი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

კერძოდ, მისივე განცხადებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახედ გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

ოხანაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი არ იჩენს სათანადო პასუხისმგებლობას და არ იცავს კარანტინის ან თვითიზოლაციის წესებს.

„2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე.წ. თვითიზოლაციის პირობებში ან საკარანტინო სიცრცეში, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, სამწუხაროდ, ეს პირები არ იჩენენ სათანადო პასუხისმგებლობას და არღვევენ თვითიზოლაციის ან კარანტინის რეჟიმს, რითიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება მივიღეთ და დღეს დავარეგიტსრირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კარანტინის წესების, რომელშიც იგულისხმება მათ შორის თვითიზოლაციის წესების დარღვევა, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა 15 ათას ლარს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდება იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულ სახდელჩადენილი პირის მიერ, დამრღვევ პირს უკვე დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახედ გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, რაც შედეგად გამოიწვევს პირის ნასამართლობას. შესაბამისად, ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებს ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობებს. ახალი საკანონმდებლო მექანიზმის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბრძოლა ამ ვირუსთან იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, რათა საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ ამ ვირუსის საფრთხისგან და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა, სიცოცხლე იყოს გარანტირებული და დაცული“ ,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.