„კანონის უზენაესობის ცენტრმა“ კვლევა სახელწოდებით „საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება“ წარადგინა
„კანონის უზენაესობის ცენტრმა“ კვლევა სახელწოდებით „საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება“ წარადგინა

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა კვლევა სახელწოდებით „საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება“.

ანგარიშში საუბარია საქართველოს პარლამენტის, საპროკურორო საბჭოსა და საზოგადოების წინაშე პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზე, უწყებაში დღეს არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე.

კვლევაში მთავარ გამოწვევად პროკურატურის ანგარიშვალდებულების შეუსრულებლობა და საპროკურორო საბჭოს მუშაობა დასახელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, საპროკურორო საბჭოს სხდომებზე არ ისმის კრიტიკული მოსაზრება და ასევე კითხვის ნიშნები არსებობს საბჭოს წევრების შემადგენლობასთან დაკავშირებითაც.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროკურატურაზე კონტროლი არ ხორციელდება და არცერთ ორგანოს, რომელსაც კანონით დაკისრებული აქვს მისი საქმიანობის მონიტორინგი, არ აქვს ხელშესახები გავლენა მის საქმიანობაზე.

„კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, თუმცა საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობა არ ხორციელდება;

საქართველოს პარლამენტს არ განუხილავს პროკურატურის მიერ 2018, 2019, 2020, 2021 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები (რომლებიც წერილობით წარდგენილია პარლამენტში) და არ შეუფასებია პროკურატურის საქმიანობა პროკურატურის იუსტიციის სამინისტროდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების (2018 წლის) შემდეგ;

ერთადერთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროკურატურის მიმართ ყოველწლიურად გასცემდა დავალებებს, იყო სახალხო დამცველის ანგარიში. თუმცა, საქართველოს პარლამენტს ამ ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობაც არ შეუფასებია 2019 წლის შემდეგ;

ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის საკმარისი წნეხი და აქტიურობა გენერალური პროკურორის პარლამენტის წინაშე ანგარიშის ზეპირად წარდგენის მიზნით;

პარლამენტის წევრები არც წერილობითი კითხვებით პროკურატურისთვის მიმართვის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმს იყენებენ ეფექტიანად. 2019-2022 წლებში პარლამენტის წევრების მიერ პროკურატურაში გაგზავნილია 61 წერილობითი კითხვა, რომელთაგან 8 გაგზავნილია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ხოლო 53 – საპარლამენტო ოპოზიციის მიერ;

პარლამენტის ოპოზიციური წევრების მიერ პროკურატურაში გაგზავნილ წერილებზე პროკურატურის მიერ გაცემული პასუხები არასრულყოფილია და არ პასუხობს ყველა დასმულ კითხვას;

რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, რომელსაც პროკურატურამ, კანონის თანახმად,  ანგარიში უნდა წარუდგინოს ექვს თვეში ერთხელ, 2019 წლის შემდგომ გენერალური პროკურორის ანგარიში მოისმინა მხოლოდ წელიწადში ერთხელ;

საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან: ა) 8 წევრი პროკურორია (თუმცა, არსებული კანონმდებლობით, ფაქტობრივად, გამორიცხულია ამ საბჭოში პროკურორი აირჩიონ პროკურატურის მენეჯმენტის ჩართულობის გარეშე); ბ) 2 წევრი მოსამართლეა (რომელთაგან ერთი (ირაკლი შენგელია) სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო, მეორე მოსამართლე (რევან ნადარაია) 2021 წლის 12 ივლისს პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად); გ) 2 – პარლამენტის წევრია (ანრი ოხანაშვილი, იაგო ხვიჩია); დ) 2 – ადვოკატია; ე) 1 – არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო განვითარების საზოგადოების“ მიერ წარდგენილი წევრია (ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ არ იძებნება არავითარი ინფორმაცია);

საპროკურორო საბჭოს წევრთა ფორმირების პროცესში პასიურია არასამთავრობო სექტორის როლი. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, არ წარუდგენია საქართველოს პარლამენტისთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში ფაქტობრივად არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის წევრები. პასიური როლი აქვთ მოსამართლე წევრებსაც და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელსაც – როგორც წესი, ისინი საბჭოს სხდომებზე არ სვამენ კითხვებს და არ მონაწილეობენ საბჭოს მიერ რეკომენდაციების შემუშავების პროცესში;

საპროკურორო საბჭოს სხდომებზე არ ისმის კრიტიკული მოსაზრება. საბჭოს ყველა წევრი გამოხატავს კმაყოფილებას გენერალური პროკურორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ. არცერთ მათგანს არასოდეს აქვს შენიშვნა/განსხვავებული მოსაზრება ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით. გამონაკლისია იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პარლამენტის მიერ არჩეული ადვოკატი. მხოლოდ მის მიერ ხდება ხაზგასმა გამოწვევებზე;

საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორისთვის მიცემული რეკომენდაციები პროკურატურის განვითარების შესახებ არ პასუხობს პროკურატურის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და იმ ხარვეზებს, რომლებიც ცალსახად გამოკვეთილია ანგარიშებში;

საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ზედამხედველობა 2019-2022 წლებში არ განუხორციელებია არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელსაც კანონით დაკისრებული აქვს პროკურატურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლი.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის და საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი წერილობითი ანგარიშების შინაარსს, ანგარიშები დეკლარაციული ხასიათისაა და ძირითადად მათში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები (რომელთა ნაწილი შედარებულია 13-14 წლის წინანდელ, წინა ხელისუფლების პერიოდის მონაცემებთან). პროკურატურის საქმიანობის ამსახველ არცერთ ანგარიშშია პასუხი მთავარ კითხვაზე: როგორია საქართველოში კრიმინოგენური ვითარება, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა იგი? ანგარიშებში არ არის მოცემული ინფორმაცია იმ შედეგების შესახებ, რომლებიც პროკურატურის მიერ განხორციელებულმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ გამოიწვია. ანგარიშებში არ არის ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადადგა პროკურატურამ სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. არცერთ ანგარიშშია მითითებული, საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში რა გამოწვევებია საგამოძიებო ორგანოებში, რა გამოწვევები აქვთ პროკურორებს სასამართლოში“, – აღნიშნულია კვლევაში.