კანაფის წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებული პაკეტი ბიუროს წარედგინება, თუმცა მსჯელობა ჯერ არ დაიწყება
კანაფის პროდუქტების წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, თუმცა ცვლილებებზე მსჯელობა ამ ეტაპზე არ დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს, თუმცა მსჯელობა მანამდე არ დაიწყოს, ვიდრე საკითხზე კონსულტაციები არ გაიმართება და ცვლილებების თაობაზე საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას არ მიიღებს.
რაც შეეხება კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ რეგულაციებს, პროექტის თანახმად, მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური ან ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მცენარე კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების მიზნით, კანონს ლიცენზიის ათი სახე ემატება. მათ შორისაა, სამედიცინო და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ლიცენზია; ასევე, მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია, მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია და ა.შ.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, მცენარე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიები განუსაზღვრელი ვადით არ გაიცემა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სფეროში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.
ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა მძიმე დანაშაულს წარმოადგენს, რაც თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე ვადით დაისჯება.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება ასევე იმ ცვლილებების ინიცირებაც, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში მარიხუანას პირად მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება.