კამბოჯის ჯუნგლებში ქმერების იმპერიის დაკარგული დედაქალაქი აღმოაჩინეს
თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე მეცნიერებმა ქმერების იმპერიის უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ჩაკარგული გაუვალ ჯუნგლებში.
მაჰენდრაპარვატა, რომელსაც ხშირად „კამბოჯის დაკარგულ ქალაქსაც“ უწოდებენ, ქმერების იმპერიის ადრეული დედაქალაქი იყო. ეს ინდუისტურ-ბუდისტური იმპერია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახ. Წ. IX-XV საუკუნეებში ყვაოდა.
არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა მაჰენდრაპარვატას არსებობის შესახებ უკვე ათწლეულებია იცოდნენ, მაგრამ ამ ანგკორული ქალაქის დღემდე შემორჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულებები არასაკმარისი იყო.
წლების განმავლობაში მიმდინარე ამბიციური კვლევის შემდეგ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საავიაციო ლაზერული სკანირების (Lidar) შედეგად, ქალაქის ადგილმდებარეობა გამოავლინეს.
ამას დაემატა მიწისპირა კატალოგიზაციაც, რის შედეგადაც, მკვლევართა ჯგუფმა რუკაზე დაიტანა ვრცელი ურბანული ქსელი, რომელიც მათი აზრით, მე-9 საუკუნეს ეკუთვნის. მდებარეობს კულენის პლატოზე, ქალაქ ანგკორის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ანგკორი ქმერების იმპერიის უპირატესი დედაქალაქი იყო.
კვლევის ავტორის, არქეოლოგ ჟან-ბაპტისტ შევანსის განცხადებით, კულენის მთიან რეგიონს ამ დრომდე საკმაოდ მცირე ყურადღება ექცეოდა, მთლიანად გამოტოვებულია არქეოლოგიურ რუკებზე, გარდა რამდენიმე მიმოფანტული წერტილისა, სადაც აგურის ტაძრების ნანგრევები იყო შემჩნეული.
კვლევა 2012 წელს დაიწყო და 2017 წლამდე გრძელდებოდა. რეგიონის თავზე გადაფრენებისას ჯგუფი აწარმოებდა Lidar-ის ლაზერულ სკანირებას, რის შედეგადაც შეიქმნა ათასობით ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მახასიათებლის რუკა; ეს ობიექტები საუკუნეების განმავლობაში ბუნების მიერ იყო შთანთქმული და მიწისპირა კვლევებისას მათი შემჩნევა შეუძლებელი იყო.
შევანსის თქმით, უძველესმა ქმერებმა შეცვალეს ლანდშაფტი, ააშენეს საკმაოდ ტბორები, რეზერვუარები, არხები, გზები, ტაძრები, ბრინჯის მინდვრები და ა. შ. თუმცა, ეს ყველაფერი შემდეგ გაუვალმა ტყემ შთანთქა, რაც კვლევებს საკმაოდ ართულებდა.
აეროკვლევების წყალობით, მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო დაენახა მცენარეულობისა და მიწის ფენებს მიღმა ჩაკარგული უძველესი ქალაქის, მაჰენდრაპარვატას კომპლექსური ურბანული ქსელი, რომელსაც ხაზოვანი ღერძების ბადის მსგავსი გეგმარება ჰქონდა და საერთო ჯამში 50 კვადრატულ კილომეტრზე ივრცობოდა.
მკვლევართა განცხადებით, ამ ქსელთან მიერთებული სხვა მრავალი ანთროპოგენული ლანდშაფტი მიუთითებს სრულყოფილ ზოგად ურბანულ გეგმარებაზე.
მათ შორის არის დამბები, რეზერვუარების კედლები და ტაძრის გალავნები, გარეუბნები, სამეფო სასახლის მომიჯნავე შენობები და ა. შ.
მიუხედავად დაკარგული ქალაქის ასეთი საგულდაგულო და დახვეწილი გეგმარებისა, მან დიდხანს მაინც ვერ გაძლო.
მომდევნო წლებში, ქმერების იმპერიამ მოქმედებათა ცენტრი ახალ დედაქალაქში, ანგკორში გადაიტანა. ამის მიზეზი სავარაუდოდ უკეთესი, ნაკლებად მთიანი გარემო იყო, სადაც მოსავალიც ადვილად მოდიოდა.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, დამიენ ევანსის განცხადებით, ქალაქმა სავარაუდოდ საუკუნეც ვერ გაძლო და მხოლოდ რამდენიმე ათწლეულს იარსება, თუმცა მისმა კულტურულმა და რელიგიურმა მნიშვნელობამ ამ დრომდე გასტანა.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.