კამარუ უსმანისა და გილბერტ ბერნსის ბრძოლა 12 დეკემბერს აღარ გაიმართება
კამარუ უსმანისა და გილბერტ ბერნსის ბრძოლა 12 დეკემბერს აღარ გაიმართება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა, ჩემპიონ კამარუ უსმანსა და გილბერტ ბერნსს შორის მიმდინარე წელს უკვე მეორედ ჩაიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს.

უსმანისა და ბერნსის დაპირისპირება თავდაპირველად UFC 251-ის ფარგლებში ჩაინიშნა, თუმცა ბრაზილიელს კორონავირუსი დაუდასტურდა და მის მაგივრად ნიგერიელ ჩემპიონს, ხორხე მასვიდალი შეხვდა. აღნიშნული ბრძოლა უსმანის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

უსმანისა და ბერნსის დაპირისპირება 12 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა ჩემპიონს ტრავმები აწუხებს და ის ოქტაგონზე გასვლას ვერ შეძლებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ბრძოლის გამართვას დააპირებს პრომოუშენი 12 დეკემბერს.