კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი სან ფრანცისკოში საქართველოს საკონსულოს გახსნაზე - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში
კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორი სან ფრანცისკოში საქართველოს საკონსულოს გახსნაზე - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში

სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ვირტუალურ ცერემონიაში კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კოუნალაკისმა მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოქროს შტატში! ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თქვენ კალიფორნიაში არსებულ ძლიერ საკონსულო კორპუსს შეუერთდით“, – განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა.

კოუნალაკისის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და კალიფორნიაში გენერალური საკონსულო დაარსა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კალიფორნიას შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გამყარებას და გაფართოებას.

„მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი ოფისი და გუბერნატორის ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტები თქვენს სამსახურში არიან და დახმარებას გაგიწევენ შესაბამისი კონტაქტების დასამყარებლად“, – აღნიშნა ვიცე-გუბერნატორმა.

კალიფორნიის შტატის ვიცე-გუნერნატორის აზრით, გენერალური საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს როგორც ქართველი სტუდენტების ჩართვას გამოჩენილ, მსოფლიო კლასის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას და განსაკუთრებით კი განავითარებს მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობას.

2020 წლის 30 სექტემბერს, სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო. გახსნის ვირტუალური ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კოულანაკისმა.