დავით ზალკალიანი სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე - დღეს ჩვენ კიდევ ერთი აგური დავაშენეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას
დავით ზალკალიანი სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე - დღეს ჩვენ კიდევ ერთი აგური დავაშენეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ვირტუალურ ცერემონიაში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ისაუბრა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე.

„გენერალური საკონსულო დასავლეთის 19 შტატს მოიცავს და მისი მიზანი ამ მნიშვნელოვან რეგიონში არა მხოლოდ ქართული ინტერესების ხელშეწყობა, არამედ საერთო ინტერესების გატარებით, აშშ-საქართველოს შორის ძლიერი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება იქნება,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნებისთანავე, ამერიკელმა ინვესტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„დღეს საქართველო რეგიონში თავისი სტრატეგიული მდებარეობის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ფართო ქსელითა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციის  გათვალისწინებით, შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს ამერიკელ ბიზნესმენებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და კალიფორნიის მსგავსებებზეც ისაუბრა. კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორს, ელენი კოულანაკისს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ რეგიონში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში.

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

2020 წლის 30 სექტემბერს, სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო. გახსნის ვირტუალური ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კოულანაკისმა.

დატოვე კომენტარი