სამხედრო ტექნიკის ცნობილმა რუსულმა მწარმოებელმა კომპანიამ „კალაშნიკოვმა“ ელექტრონული ავტომობილი შექმნა, რომელიც კომპანიის აზრით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის „ტესლას“ ელექტრომობილის კონკურენტად განიხილება.
„კალაშნიკოვის“ ელექტრომობილის CV-1 პრეზენტაცია დღეს მოსკოვის მახლობლად რუსული თავდაცვისა და სამოქალაქო წარმოების პროდუქციის გამოფენაზე შედგა. ელექტომობილი ბაცი ცისფერია და მისი დიზაინი რეტროს სტილშია გადაწყვეტილი.
„კალაშნიკოვის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, ელექტრომობილის დიზაინი 1970 წელს გამოშვებული ფურგონიანი ავტომობილის მიხედვითაა შექმნილი. ელექტრომობილი წააგავს საბჭოთა წარმოების „მოსკვიჩს“.
დასავლური მედიის მიხედვით, კომპანიამ ექსპოზიციაზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ელექტრომობილი ისეთი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც მას „ტესლას“ რანგის ელექტრომობილის მწარმოებელთა რიგებში აყენებს.
„კალაშნიკოვის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ელექტრომობილი ერთ დამუხტვაზე 217 კილომეტრს გადის და საათში 100 კილომეტრ სიჩქარეს უკვე ექვს წამში ავითარებს. ელექტრომობილის ფასი ჯერ არ ხმაურდება.
სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ რუსული ელექტრომობილი განხილვის საგნად იქცა. ნაწილი დასცინოდა ელექტრომობილს, ნაწილი იწონებდა. ერთმა მომხმარებელმა „ტესლას“ ხელმძღვანელ ელონ მასკსაც სთხოვა აზრის გამოთქმა.