ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი „ტესლა“ და „ჩანგანის“ ეკომეგობრული ელექტრომობილები იქნება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი „ტესლა“ და „ჩანგანის“ ეკომეგობრული ელექტრომობილები იქნება

2 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანია „აირქარს“ შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს „ტესლა“ და „ჩანგანის“ ფირმის ეკომეგობრული ტრანსპორტი მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად მგზავრის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და საჭიროებებზეა იქნება ორიენტირებული.

ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით შეეძლებათ. ტაქსები არის ეკოლოგიურად სუფთა და საერთოდ არ აქვს გამონაბოლქვი.

ელექტრომობილების დამუხტვა ქუთაისის აეროპორტში დამონტაჟებულ სპეციალურ დასამუხტ სვეტებზეა შესაძლებელი.