საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდსა და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.