კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, ასფალტის ახალი საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადება და დროებითი შემოვლითი გზების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
„სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი დროებითი გზების მოწყობისთვის 2.5 კილომეტრზე ბეტონის კიუტები მოეწყობა. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი დაიგება დაახლოებით ოთხი კილომეტრის მონაკვეთზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დასრულდება.
მერიის ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ორი ავარიული ხიდის რეაბილიტაციას. ამისათვის მოეწყობა სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი შემოვლითი გზები. სამშენებლო არეალი იწყება კახეთის გზატკეცილიდან და მგელაძისა და იორის ქუჩების გავლით სრულდება სოფელ ნასაგურში, აფხაზეთისა და მაჩაბელის ქუჩებთან მიერთებით.