კახაბერ ქემოკლიძე - გალში შეხვედრებზე ხურჩის საკითხი რამდენჯერმე იყო დაყენებული
ხურჩაში უკანონო ბორდერიზაციის საკითხი დაფიქსირდა 2017 წლის აპრილში, შემდეგ გაგრძელდა აგვისტოში, – კომენტარი რუსი ოკუპანტების მიერ ხურჩაში მავთულხლართების აღების ფაქტზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ზოგადად ბორდერიზაციის პროცესი უკანონოა. ორივე რეგიონში მიმდინარე ეს პროცესები ცალსახად პრობლემურია. ჩვენ ხშირად ვეხებით ამ საკითხებს, როგორც გალის, ასევე ერგნეთის მოლაპარაკებებზე – IPRM – ის ფორმატში. ხურჩის საკითხი რამდენჯერმე იყო დაყენებული გალში შეხვედრებზე. ხურჩაში უკანონო ბორდერიზაციის საკითხი დაფიქსირდა 2017 წლის აპრილში, შემდეგ გაგრძელდა აგვისტოში. ამ საკითხს აქვს ორი განზომილება უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ ჭრილში. ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ორივე მხარეს ცხოვრობს, არის ძალიან დიდი პრობლემის შემცველი, ხოლო უსაფრთხოების კუთხით, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ასეთი ტიპის ინსტალაციებს აკეთებენ, ეს არის გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს.
მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიეს.
გასული წლის აპრილში ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.