მთავრობის ადმინისტრაციასთან ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური მოძრაობის „არჩევანი სამშობლოსთვის” წევრებმა აქცია გამართეს. პარტიის ლიდერმა, ლელა გულედანმა პრემიერ-მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წერილით მიმართა, სადაც ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის გახსნას ითხოვს.

ლელა გულედანის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ექვს თვეზე მეტია, ენგურის ხიდი ჩაკეტილია და ეს ადგილობრივ მოსახლეობას ბევრ პრობლემას უქმნის. ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გალიდან ჩამოსულებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდეს.

„გალიდან ბევრი ადამიანი გვწერს იმის თაობაზე, რომ რვა თვეა, მათ არანაირი სახელმწიფო დახმარება არ მიუღიათ, არც პენსია და არც დევნილების შემწეობა. ისინი ენგურის ხიდის გახსნას ითხოვენ. გარდა ამისა, როდესაც მძიმე ავადმყოფი გადმოდის ენგურის ხიდზე, ის აუცილებლად თავსდება ორკვირიან კარანტინში. ამიტომ პრემიერ-მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მივმართავთ თხოვნით, გაიხსნას ენგურის ხიდი, ზოგადად, შეისწავლონ ეს საკითხი და გადაწყვიტონ, რა ბედი ელის გალის მოსახლეობას. გარდა ამისა, სკოლის პერიოდი ახლოვდება, როგორ ივლიან ბავშვები სკოლაში გალიდან ზუგდიდში? რატომ უნდა გადიოდნენ კარანტინს გალიდან წამოსული ქართველები? ზუგდიდიდან ქუთაისში გადაადგილებას უნდა უტოლდებოდეს გალიდან ზუგდიდში გადაადგილება და ნამდვილად არ უნდა ხვდებოდნენ კარანტინში. აქამდე  განცხადება გავაკეთეთ ამაზე და ახლა თხოვნის წერილით მივმართავთ პრემიერსა და სახელმწიფო მინისტრს“, – განაცხადა ლელა გულედანმა.