კახაბერ ჭიჭინაძე - გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვეცდები, პოლიტიკა გამოვაცოცხლო, მოვლენები საინტერესო გავხადო
გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოსახლეობას ვპირდები, რომ ვეცდები, პოლიტიკა გამოვაცოცხლო, მოვლენები საინტერესო გავხადო და შესაძლებლობა გავაჩინო, პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩდნენ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, მათი პროგრამის მიხედვით, პარტიების დაფინანსება შემოწირულობით, ან, საწევრო გადასახადით უნდა ხდებოდეს.
„დღეს ზოგიერთ პარტიაში ორი-სამი კაცია და, რა თქმა უნდა, ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ. ჩვენ მათ ბერკეტი უნდა გამოვაცალოთ და ყველა პარტია თანასწორ პოზიციაში მოვაქციოთ. ამ შემთხვევაში, ახალ პარტიებსაც საშუალება ექნებათ, კონკურენცია გაუწიონ სხვა პარტიებს, რომლებიც ფინანსდებიან და, რომლებსაც სახელმწიფო ყველანაირად უმაგრებს ზურგს. პრეზიდენტის მანდატიდან ამის განხორციელებას კანონის ინიცირებით ვაპირებ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
კახაბერ ჭიჭინაძემ დებატებში მონაწილე კანდიდატების დაპირებების შეფასებისას აღნიშნა, რომ მათი გამოსვლა მისაღები იყო, თუმცა, პენსიის 1 200 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით, გიორგი ლილუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ცოტა კარგად უნდა დავითვალოთ, რადგან პენსიის 20 ლარით მომატებამაც კი, ლარი გააუფასურა და ეკონომიკა ლამის, დაანგრია.
„ეს ძალიან სერიოზული თანხებია და ამიტომ, კალკულატორზე კარგად უნდა ვიანგარიშოთ. დღეს პენსიის 20 ლარით მომატება შესაძლებელი რომ იყოს, ხელისუფლება ამას აუცილებლად მოახერხებდა“, – განაცხადა კახაბერ ჭიჭინაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი პრეზიდენტის შემცირებულ უფლებამოსილებას და იმას, რომ ამის შემდეგ, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული, კახაბერ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ამას უარყოფითად აფასებს, რადგან ამით მოქალაქეებს არჩევითობა წაართვეს.
„საზოგადოებას ხელიდან გამოაცალეს ის ბერკეტი, რომელიც შეიძლებოდა, ადამიანებს ხელისუფლების გასაკონტროლებლად კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ პრეზიდენტის არჩევითობას ვაუქმებთ, მაგრამ არ ვაპირებთ, ხალხმა პრემიერ-მინისტრი აირჩიოს. საზღვარგარეთის ქვეყნებში, საიდანაც მაგალითები მოგვაქვს, არჩევითობის გაზრდა მაქსიმალურად ხდება, ჩვენთან კი, პირიქით. აშშ-ში შერიფსაც კი მოსახლეობა ირჩევს. ჩვენთან პრეზიდენტობის არჩევითობის გაუქმება უფრო, წინამორბედი პრეზიდენტების სიძულვილისგან არის გამოწვეული და სავარძელი აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ამომრჩევლისთვის თავის წარდგენისას, რისთვისაც კანდიდატებს გადაცემაში თითო-თითო წუთი დაეთმოთ, კახაბერ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ როდესაც ე.წ დემოკრატების და „განათლებული“ ადამიანების მეშვეობით კანონიერი ხელისუფლება დაემხო, გადაწყვიტა, ქვეყანას გაცლოდა და სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მიაჩნდა, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი მოქალაქეები იყვნენ.
„ამიტომ, გადავწყვიტე, ქვეყანას გავცლოდი და ბედისა და წარმატების მოსაძებნად არაბეთში გავეშურე“, – განაცხადა კახაბერ ჭიჭინაძემ.