ზურაბ ჯაფარიძე - არ შევიწყალებ არავის, ვისაც ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა აქვს დამტკიცებული
ზურაბ ჯაფარიძე - არ შევიწყალებ არავის, ვისაც ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა აქვს დამტკიცებული

წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ შევიწყალებ, თუ ვნახავ, რომ მტკიცებულებები რეალურია და ამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის, ძალადობრივი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, არის რაღაც საქმეები, რაც ცალსახად პოლიტიკური მოტივით იყო ინიცირებული. არის რაღაც საქმეები, რომლებისთვისაც თვალ-ყური არ მიდევნებია. მათ შორის, რაზეც მისჯილი აქვთ. ამ საქმეებს გავლა სჭირდება. საერთოდ, მე არ შევიწყალებ არავის, ვისაც ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა აქვს დამტკიცებული, რადგან ძალადობა ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნებიან თუ არა მის მიერ შესაწყალებელთა სიაში ძალოვანი უწყებების ყოფილი მინისტრები.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის შეიწყალებს ყველა ადამიანს, ვინც საპატიმრო სასჯელს იხდის, ან სახელმწიფოს მხრიდან რამე უფლება აქვს შეზღუდული ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც მისი აზრით, დანაშაული არ არის, ასეთი კი, ყველა ის ქმედებაა, რაც სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა.