კახა ქემოკლიძე - ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმება ანექსიურ ელემენტს შეიცავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. სამხედრო შეთანხმებას სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო დანაყოფების ნაწილის რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში გადასვლის შესახებ ე.წ. შეთანხმება, რომლის რატიფიცირებასაც რუსეთის დუმა დღეს გეგმავს, ანექსიურ ელემენტს შეიცავს.
„ეს ფაქტი გაგრძელებაა ე.წ. ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ე.წ. დოკუმენტის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მარტში. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ დოკუმენტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ეს შეიცავს ანექსიურ ელემენტს. იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია ოკუპირებულია და დგას საოკუპაციო ძალა, რა ფორმის იმპლიკაცია იქნება, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ძნელია“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.