კახა კუკავა - სასამართლო სისტემა არის პირდაპირ ნაპერწკალი, რომელსაც ბოკერია და სააკაშვილი ქვეყანას რუსთაველის გამზირზე წაუკიდებენ
სასამართლო სისტემა არის პირდაპირ ნაპერწკალი, რომელსაც ბოკერია და სააკაშვილი ქვეყანას რუსთაველის გამზირზე წაუკიდებენ, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„20 ივნისის შემდეგ ხელისუფლების ტონალობაში ბევრი რაღაც შეიცვალა და დიდი იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები ამ საკითხს მთლად იუსტიციის საბჭოს ხელში არ დატოვებენ, რადგან შეიძლება, ამან აფეთქება გამოიწვიოს, რაც ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება. ბოკერიას და სააკაშვილს, რომლებსაც ხელში დენთის კასრი უჭირავთ, ნაპერწკალი არ უნდა მიაწოდონ. ეს ის არის, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს არანაირად არ სჭირდება“, – განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, სრული მარაზმია ის, რომ დღეს, მთავარი სპიკერები გიგა ბოკერია და თინა ბოკუჩავა არიან, რადგან ეს დაჭაობებული სასამართლო ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ შეუქმნია და მან ის პირდაპირ გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან.
„გუშინ თინა ბოკუჩავა ეთერში მიქაუტაძეს უსვამდა შეკითხვას, შენ ის მიქაუტაძე არ ხარ, ოპოზიციას რომ აჯარიმებდიო? ამ დროს, მიქაუტაძე და მოგელაძე ჭანჭიკები იყვნენ, ხოლო ამ სისტემის სათავეში იდგა თინა ბოკუჩავა. თუ ბევრს არ გახსოვთ, გეტყვით, რომ თინა ბოკუჩავა იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე, დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას ის იღებდა და საწყალი მოგელაძე მისი პრესსპიკერი იყო. უბრალოდ, ეკრანზე ჩანდა და მიქაუტაძე რასაც გაუგზავნიდა ბოკუჩავას, ამას შტაბს უგზავნიდა. ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ისე იქცევა, სიცილიური მაფია რომ იქცევა ხოლმე, ვიღაცის კომპრომატი რომ აქვთ. რაც იციან, ამ მოსამართლეებს პირდაპირ ეუბნებიან, ნახევარი კომპრომატები ამოუღეს. ამიტომაც მინდა, ხელისუფლებას მივმართო, თუ მათ ჰგონიათ, რომ კრიტიკულ ვითარებაში, როცა ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი იქნება, მიქაუტაძე გადაარჩენს, ასე არ იქნება. ამ ხალხს ცხრა ტყავი აქვს გამოცვლილი. ხელისუფლებას სახელმწიფო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება რომ საერთოდ არ აინტერესებდეს და მარტო საკუთარ ტყავზეც რომ ფიქრობდნენ, სასწრაფოდ, ამ მოსამართლეებს უნდა შეელიონ“, – განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი მორჩილი პროკურატურისა და სასამართლოს გაუმჯობესება უბრალოდ, შეუძლებელი იყო და არსებული სისტემა პირდაპირ გადმოიბარა, რაც გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივად არასწორია, პოლიტტექნოლოგიურადაც წამგებიანია ხელისუფლებისთვის, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ხელისუფლებამ უწესო ადამიანების მხარე დაიჭირა.
„ვფიქრობ, რომ ის შედეგი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგა, ამის შედეგია. ნიადაგი შემზადებული რომ არ ყოფილიყო, 20 ივნისს ჩვენი საზოგადოებიდან ასეთი მწვავე რეაქცია არ მოჰყვებოდა არც გავრილოვის ამბავს და არც სხვა რამეს. მანამდე, სარალიძეზეც იგივე იყო. თავის დროზე, გირგვლიანზეც იგივე მოხდა; მარტო ერთი გირგვლიანი და მარტო ერთი 7 ნოემბერი კი არ იყო, ბევრი უსამართლობა იყო დაგროვებული“, – განაცხადა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაქსიმუმ, ოთხი-ხუთი მოსამართლე დაინიშნოს, თუ ეს უზენაეს სასამართლოს მართლაც სჭირდება, რომ ხვალვე არ გაჩერდეს.
„ოღონდ, რა თქმა უნდა, იქ არ უნდა მოხვდნენ მიქაუტაძე, ვასაძე, თადუმაძე, გეწაძე, გაბინაშვილი და სხვები, რომლებიც მურუსიძის სისტემის სახეები იყვნენ“, – განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, სჯობს, კონფლიქტზე წავიდეთ ვენეციის კომისიასთან, თუ რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციასთან, გამონაკლისის წესით ამ საკითხში, ვიდრე ეს დაჭაობებული სისტემა შევინარჩუნოთ.
„თუმცა, შეიძლება, კარგად მუშაობის შემთხვევაში ეს კონფლიქტი არც დადგეს. ვფიქრობ, ეს კონფლიქტი რაღაც დონეზე რეალურადაც შეიძლება იყო, მაგრამ ხელისუფლებამ გააბუქა, რომ ამით ერთგვარი ალიბი შეექმნა – ჩვენ კი არ გვინდა ამ ნაცებს რომ ვითმენთ, ვენეციის კომისია გვთხოვსო. უფრო, ეს რეალობა იყო“, – განაცხადა კუკავამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა სასამართლო სისტემის რეფორმა საკითხი, რომელიც ე.წ ეროვნული თანხმობის თეორიულ შესაძლებლობას გვაძლევს, კუკავამ განაცხადა, რომ უფრო პირიქით არის.
„დღეს, ქართულ პოლიტიკაში რა პოლიტიკური ძალთა თანაფარდობაც არის, უფრო დაუწერლად, მაგრამ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ სასამართლო პოლიტიზებული და ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს. პარლამენტს მიღმა დარჩენილ ძალებს შორის შეთანხმებას შეიძლება, რაღაც თეორიული ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, რეალური ცვლილებებისთვის აუცილებელია, ხელისუფლების გადანაწილება მოხდეს. 2020 წელს ისტორიული ცვლილება გველოდება და ასპროცენტიანი ალბათობით დადგება ის, რაც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა – ჩვენ არ გვეყოლება ერთი მმართველი პარტია. ეს რომ მოხდება, როცა აღარ გვეყოლება საშინელი, მონოლითური, 51%-იანი საპარლამენტო უმრავლესობა, ხელისუფლება მერე დაიწყებს ამაზე ფიქრს და არა ტაქტიკურ გამოსავალზე, ეს კონკრეტული პრობლემა როგორ გადაწყვიტოს“, – განაცხადა კახა კუკავამ.