კახა კუჭავა - ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაიაზროს, რომ დიალოგი იწყება პარლამენტიდან, ვერავინ დაგვეხმარება, თუ არ მოვინდომებთ საერთო ენისა და კონსენსუსის პოვნას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება
კახა კუჭავა - ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაიაზროს, რომ დიალოგი იწყება პარლამენტიდან, ვერავინ დაგვეხმარება, თუ არ მოვინდომებთ საერთო ენისა და კონსენსუსის პოვნას, რომელიც საზოგადოებას სჭირდება

ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიალოგი, ამაში ვერავინ დაგვეხმარება, თუ არ მოვინდომებთ საერთო ენისა და იმ კონსენსუსის პოვნას, რომელიც ძალიან სჭირდება საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც შარლ მიშელს, ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის მიმართავენ.

კახა კუჭავას თმით, კარგია, რომ პოლიტიკოსები სხვადასხვა ფორმატსა და შესაძლებლობებს მიმართავენ, ხმა მიაწვდინონ და მოუწოდონ ჩვენს პარტნიორებს მათი პოზიციების გატარებისთვის.

„ფაქტი ერთია, ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიალოგი და დისკუსია. ამაში ვერ დაგვეხმარება ვერავინ, თუ ნება არ იქნება ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომოთ, ვიპოვოთ საერთო ენა და ის კონსენსუსი, რომელიც ძალიან სჭირდება საზოგადოებას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ფორმატი, იმუშაონ პარლამენტში თავიანთი უფლებამოვალეობების შესრულების კუთხით და შეეცადონ, იყვნენ უფრო მეტად კონსტრუქციულები და შედეგზე ორიენტირებულები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ძალიან სჭირდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.