კახა კუჭავა - ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი
ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კახა კუჭავა წერს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს პერიოდი, საკმაოდ რთული გახლდათ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის გარეთ განვითარებული პროცესებით. ამ ხნის განმავლობაში ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა დაიწყოს გაერთიანება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის.
მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
ვულოცავ, ჩემს მეგობარსა და კოლეგას, შალვა პაპუაშვილს და ვუსურვებ წარმატებას!“ – წერს კახა კუჭავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.