კახა კუჭავა - ვაპირებთ, ერთი წლის ვადაში დავასრულოთ მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არანაირ მიკროსაფინანსო სესხთან არ არის დაკავშირებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირის სესხის უარით, უარი ითქვა მართლმსაჯულების რეფორმაზე.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ასევე ევროპარლამენტარებთან, რომლებიც, ასევე, ჩართული იქნებიან ჟან მონეს დიალოგში.
„ამ დიალოგის პროცესშიც ვაპირებთ, როგორც ეს გაწერილია შეთანხმებით, ერთწლიან ვადაში დავასრულოთ მთლიანად მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც მოიაზრებს მესამე და მეოთხე ტალღის ანალიზს, შესაბამის რეკომენდაციებსა და იმ რეფორმების გატარებას, რაც დამატებით იქნება საჭირო. ამიტომ, უარს არათუ არ ვამბობთ, არამედ ამას აუცილებლად ჩავატარებთ და ნახავს ყველა. ეს არ არის დაკავშირებული არანაირ მიკროსაფინანსო სესხთან.
შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე იყო საუბარი ამ სესხზე. ამიტომ, ამის ერთმანეთთან მიბმა უბრალოდ არ არის სწორი და მართლა შეცდომაში შეყვანაა. ჩვენ რას გავაკეთებთ და რა რეფორმებს ჩავატარებთ, ამას ყველა ძალიან კარგად ნახავს და ისე გაგრძელდება, როგორც არის დაგეგმილი – ზუსტად არჩევნების შემდეგ. ამის შესაბამისი ფორმატიც მოფიქრებულია და პროცესებიც დაიწყება. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ჯგუფი თუ ძალა მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში, რომელიც პარლამენტში გაიმართება და ჩართული იქნებიან, მათ შორის, ევროპარლამენტის წარმომადგენლები“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა სახის დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს დაიწყეს საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც, მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.