კახა კუჭავა- საქართველო ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კიევში, საპარლამენტთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში – „უკრაინა, საქართველო, მოლდოვა: ასოცირების შეთანხმებიდან ევროკავშირში სრულ ინტეგრაციამდე“ მიიღო მონაწილეობა. კახა კუჭავამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, გამორჩეული იყო 2017 წელი.
მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაცია აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს.
კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებად ევროპის ენერგოსაზოგადოებაში საქართველოს გაერთიანება დაასახელა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც გასული წლიდან ამოქმედდა, ყველაზე ხელშესახები სიკეთეა საქართველოს მოქალაქეებისთვის. კახა კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ადამიანის უფლებების, მიგრაციის მენეჯმენტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით.
„საქართველომ მოახდინა ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მტკიცე ნების დემონსტრირება იმ წარმატებული რეფორმებით, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე გაამახვილა ყურადღება . მისი თქმით, სისტემა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ეფექტურ დაგეგმვასა და მენეჯმენტს ემსახურება.
„შედგა ძალიან საინტერესო განხილვა, სადაც ხაზი გავუსვით საქართველოს მიღწევებს. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც ახლახანს დაინერგა და რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოების წარმომადგენელს, არა მხოლოდ ჩაერთოს ამ პროცესში და აკონტროლოს ის, არამედ თავადაც მიიღოს მონაწილეობა 2018-2020 წლების დაგეგმვაში ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებით. ასევე, გამოვყოფდი, 2017 წელს, საქართველოს გაწევრიანებას ევროპის ენერგოსაზოგადოებაში. ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით, უკვე მზად არის ორი კანონპროექტი, რომელიც ძალიან ახლო მომავალში შემოვა პარლამენტში განხილვებისთვის“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
კიევი რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციას – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.