კახა კუჭავა - სამარცხვინო იყო, რაც გუშინ ვიხილეთ, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა
საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გუშინ რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.
კუჭავას თქმით, გუშინდელ ქმედებებს გამართლება არ აქვს და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს. არ ვიცი, რა დავარქვათ იმას, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით – მაგრამ. არანაირი მაგრამ. არ შეიძლება, გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ყველას მხრიდან აუცილებლად დასაგმობია.
ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთ-ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას“, – განაცხადა კუჭავამ.
კახა კუჭავას თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები.
„ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ რა კადრებიც ვიხილე, უბრალოდ შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. მსგავს სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა, როგორც ვიცი, დაჭრილია და ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ასე ქუჩაში დასდევდნენ. მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები, ჟურნალისტები და რა ქნან, უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით.
ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნე, რაც მოხდა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ოფისების დარბევა, რა კადრებიც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება, რამენაირად გამართლებული იყოს.
კიდევ ერთხელ, აუცილებელია ამ საკითხებზე მკაცრი რეაგირება. ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია, ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანინიერი რეაგირება. მეეჭვება, ამ დარბაზში, თუ საერთოდ, ვინმე წინააღმდეგი იქნება, ან სიტყვა მაგრამ-ს დაუმატებს ჩემს განცხადებას. ნადვილად მაქვს სურვილი, რომ პირველ რიგში მოსახლეობამ იხილოს, თუ როგორი იქნება გამჭვირვალე გამოძიება. ეს ვერც დაიმალება, კადრებია გადაღებული, არ შეიძლება, ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის რეაგირებებს, რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.