კახა კუჭავა - პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, არამედ მთლიანად პარლამენტს
კახა კუჭავა - პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, არამედ მთლიანად პარლამენტს

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას საკანონმდებლო ორგანოს შეურაცხყოფად აფასებს.

კახა კუჭავა ფიქრია ჩიხრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა იხილეს.

„როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვდებიან, რომ არგუმენტაციების ნაწილში ძალიან უჭირთ და საკუთარ შენიშვნებს ვერ ასაბუთებენ, მაგრამ ამავე დროს, მათი თვითმიზანი ვეტოს გამოყენებაა, სხვა გზა აღარ რჩებათ და უზრდელობაზე გადადიან.

სამწუხაროა, რომ ამას პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის მხრიდან ვისმენთ და ამას მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტი ემსახურება. პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და პროცესი ყველასთვის ღია და გამჭვირვალე იყო, სადაც ორივე მხარემ პოზიციები დააფიქსირა და არგუმენტები გაცვალეს. ამის შემდეგ კი, პრეზიდენტის მრჩეველი გამოდის და შეურაცხოფას აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ მთლიანად პარლამენტსა და ამ პროცესს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.