მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში და სიტყვით მივმართო მის წევრებს მთელი მსოფლიოდან.
მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.
ჩვენ შეიძლება, ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის განმავლობაში პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ გავლენა მოახდინა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.
„პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს.
ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც.
ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ორი ისტორიული რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებისთვის, ძლიერი საზოგადოებისა და მდგრადი მომავლის ასაშენებლად საჭიროა ინოვაციური, გამბედავი და ერთობლივი სტრატეგიები.
„სასურველია, ეს სტრატეგიები მოიცავდეს შემდეგს:
პირველი, საჭიროა მდგრადი თემებისა და საზოგადოების მშენებლობა. ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებები, სკოლები, ოჯახები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელია დემოკრატიის განსამტკიცებლად მისსავე საფუძველში.
მეორე, პოლიტიკურმა აქტორებმა, მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, საზოგადოების ყველა წევრმა პასუხისმგებლიანი როლი უნდა ითამაშოს დემოკრატიისთვის რეალური შინაარსის შეძენაში – მაშასადამე, ააშენონ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალი, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას.
მესამე, ჩვენ ყველამ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში, ასევე, აქტიური პოლიტიკური კონკურენციიდან დესტრუქციულ პოლარიზაციად გადაქცევის თავიდან არიდების საქმეში. მოსახლეობამ თითოეულ ჩვენგანს ანდო თავიანთი მომავალი, ოცნებები და იმედები; ეს უზარმაზარი ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა დაიკარგოს.
მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, პრიორიტეტად აქცია პარლამენტში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგისა და გარემოს ხელშეწყობა.
„ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციულ საპარლამენტო დისკუსიებში. ეს განსაკუთრებით საინტერესო პროცესია ახლა, ვინაიდან 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს გააჩნია მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობისთვის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
მეოთხე, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე. თუმცა, მომავალი თაობებიც იმავეს იმსახურებენ. კლიმატური ცვლილებები ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას ახდენს იმის მიუხედავად, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ქმედება, საჭიროა ახლავე მოქმედება. პარლამენტებს შეუძლიათ და უნდა გაუძღვენ კიდეც ამ პროცესს ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად.
და ბოლოს, დემოკრატია გლობალური უსაფრთხოების საკითხი და მისი მიღწევის ინსტრუმენტია. გლობალური და ადგილობრივი მნიშვნელობის მთელი რიგი გამოწვევების ფონზე, ცოცხალი დემოკრატია, ანუ დინამიური და ეფექტიანი ინსტიტუტები, მმართველობა და დემოკრატიული პროცესები, საჭიროა ქაოსის თავიდან არიდებისა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ერთობლივი ქმედებები აუცილებელია ამგვარი დემოკრატიის დაცვისთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც არადემოკრატიული ძალები მთელი ღონით ძირს უთხრიან ჩვენს მცდელობებს. საქართველოს პარლამენტი მზად არის ამ მიზნით სხვა პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.