კახა კუჭავა - პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, რას ითხოვს ხალხი, თუმცა ულტიმატუმებით საუბარი საქმეს არ წაადგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ არის.
კუჭავა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გამოეხმაურა.
კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანია, მოისმინონ ხალხის მოთხოვნები, თუმცა ულტიმატუმებით საუბარი საქმეს არ წაადგება.
„მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მოვისმინოთ, რას ითხოვს ხალხი, რომელიც აპროტესტებს. მართლა დიდი რაოდენობით იყო შეკრებილი, იყო გარკვეული მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად მესმის და გულწრფელია. ზოგადად, ისინიც თავის დროზე საუბრობდნენ და მეც გავიმეორებ, არ არის სწორი ულტიმატუმებით ენით საუბარი, ეს არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი, კონკრეტულად ამ საქმეში ვინ არის ჩართული და რამდენად არის კომუნიკაცია, იქნება ეს 12:00 საათამდე, მანამდე, თუ მერე. ფაქტი ერთია, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მე ბრიუსელში გავფრინდებოდი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და საბოლოოდ საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებეული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კუჭავას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით მუშაობაში ჩაერთოს ყველა მხარე, რომელსაც სურვილი ექნება.
„მე დღეს ეს ვთქვი, მაგრამ არ მინდოდა, წინასწარ დამეანონსებინა. ამაზე თვითონ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდოამრე ისაუბრებს, როდესაც მზად იქნება, რომ დაანონსოს ეს პროცესი, მაგრამ აუცილებელია, ეს პროცესი დაიწყოს და ნებისმიერ სხვა პროექტზე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, ყველამ იცოდეს, რა არის სავალდებულო პირობების დაკმაყოფილება, რომ აღმოფხვრას შემდგომი გაუგებრობები. არ შეიძლება ასე ულტიმატუმებით საუბარი, როდესაც გვინდა, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადავდგათ. მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ საუბარი, კომუნიკაცია, საკითხების შეჯერება და ამის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება.
ესე უბრალოდ რამე მოთხვნა, ან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნა, არ ვიცი რამდენად გაცნობიერებულები არიან, შეიძლება, არიან კიდეც, რა შედეგი შეიძლება, მოყვეს ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას. არ ვამბობ მარტო კონტრაქტის გაწყვეტაზე. ეს უნდა იქნას კარგად შესწავლილი, აწონ დაწონილი. არ ვიცი, ალბათ შექმნილია ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს და ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ დაუსვამს წერტილს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და თითქოს გამოაჩინა ნათელი წერტილი, შემდეგ ისევ წარმოიშვა პრობლემები და აუცილებელია, რომ დავუბრუნდეთ კვლავ კონსტრუქციულ ნაწილს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღეს, 12:00 საათამდე მისცეს.
რაც შეეხება მოთხოვნებს, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.
მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება.