კახა კუჭავა - მჯერა, დღეიდან საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ, შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაისმება
კახა კუჭავა - მჯერა, დღეიდან საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ, შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაისმება

სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მე ვიტყოდი, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა კახა კუჭავამ განაცხადა.

კუჭავამ მადლობა უთხრა ყველას, ვინ იზრუნა, რათა საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა.

„ყველას დიდი მადლობა, ვინც იზრუნა იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩამდგარიყო. მჯერა, დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამასთან, კუჭავამ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელმაც ასეთი დიდი ნდობა გამომიცხადა და მის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო ჩემი კანდიდატურა წარდგენილია. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა არჩილ თალაკვაძეს, რომელსაც ურთულეს პერიოდში მოუხდა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მუშაობა და მაქსიმუმი გააკეთა, რათა მძიმე მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულებულიყო. მჯერა, დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს – შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაისმება.

ჩემი მხრივ, გპირდებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ვუზრუნველვყოფ, რომ დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, თქვენთან ერთად. მჯერა, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ დროა, გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ვინც ძალიან დიდი ენერგია ჩადო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად. ეს უპრეცედენტო ძალისხმევა, რომელიც გასწია ევროკავშირმა და ამერიკამ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ნამდვილად დასაფასებელია. მჯერა, მაქსიმალურად გავამართლებთ ამ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის, მიმართ არსებობს. იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შემოგვიერთდებიან კოლეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან სხდომას, მაგრამ მოახერხებენ და დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს გადადგამენ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შესატანად. მტკიცედ მჯერა, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში – ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს. საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა, – 2024 წელს განაცხადის გაკეთებისთვის ვემზადებით. ასეთი დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამთავრდება ღირსეული წევრობით, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მთავარი გარანტიაა, ეს არის ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც უპირობო და შეუქცევადია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.