კახა კუჭავა - კარლ ჰარცელის განცხადება არის მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს
კარლ ჰარცელის განცხადება არის მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მოწოდებებში ჩანს, რომ ოპოზიციის რეპუტაცია დაზიანებულია.
„კარლ ჰარცელის მსგავსად, მსგავსი განცხადებები ევროპარლამენტარებისგანაც მოვისმინეთ. ისინი პირველ რიგში მიესალმებიან მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მათი განცხადებიდან მკაფიოდ ჩანს მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ მხარი დაუჭირონ მესამე მოსმენისას საკონსტიტუციო ცვლილებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველ მოსმენასთან შედარებით ხმები შემცირებულია და არის ზღვართან, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება. 8 მარტის შეთანხმების მონაწილეების მიმართ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ პროექტს მხარი დაუჭირონ. ყველამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ ასრულებს თავის დაპირებას, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით იქნა მიღწეული. ჩვენ ჩვენი ხმების მობილიზაცია მოვახდინეთ, რისი დაპირებაც იყო. ჰარცელის განცხადება არის მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. პროექტს ისედაც მივიღებთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს მოხდეს 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე. მოწოდებებში ჩანს, რომ მათი რეპუტაცია უკვე დაზიანებულია, რადგან მათი დაპირება იყო, რომ მხარს დაუჭერდნენ და ხალხის მოთხოვნა არ გაიზიარეს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ეს მათი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დაპირების შეუსრულებლობა იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენას გამოეხმაურა.