კახა კუჭავა - იაპონიასა და ამერიკაში რაც მანქანა დაიძირა, ყველა საქართველოში აღმოჩნდა
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი მძიმე გამონაბოლქვის მატარებელია და აუცილებელია, რომ ამ თვალსაზრისით რეგულაციები დაწესდეს.
როგორც ჟურნალისტებს კუჭავამ განუცხადა, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, სამოქალაქო სექტორიდან რეკომენდაცია შევიდა იმის თაობაზე, ტექნიკურად გაუმართავი მანქანების შეზღუდვა მოხდეს, როცა საქართველოში მათი იმპორტი ხორციელდება.
მისი თქმით, ბევრი ქვეყნის მაგალითზე ავტომობილების იმპორტი გამოშვების თარიღზეც არის მიბმული.
“ამ საკითხზე ვმსჯელობთ და მიმდინარე კვირის შაბათ-კვირას სამუშაო ჯგუფს შეხვედრა გვაქვს. შეიძლება, საქართველოში ავტომობილის შემოყვანა იაფია და ყველა ცდილობს, იაფიანი მანქანა შემოიყვანოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ავტომობილები საიდან შემოდიან. იაპონიასა და ამერიკაში რაც წყალდიდობა მოხდა და მანქანა დაიძირა, ფაქტობრივად, ყველა საქართველოში აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უხარისხო მანქანები შემოდის და შემდეგ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროც ეს არის. მნიშვნელოვანი ფაქტია, ასეთი მანქანები თუ რა ზიანს აყენებს ადამიანებს და პირველ რიგში, ბავშვებს. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ნაბიჯების დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად ასაწონ-დასაწონია, თუმცა მანქანების დიდი ნაწილის ვიზუალიდანაც ჩანს, რომ მძიმე გამონაბოლქვის მატარებლები არიან და ამ თვალსაზრისით რეგულაციები უნდა დაწესდეს”, – განაცხადა კუჭავამ.
დეპუტატის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები მზად სექტემბრისთვის იქნება.